კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „არემჯი“ საქმიანობაში სტრატეგიული  მიმართულებაა. კომპანიისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურის და სპორტის ხელშეწყობის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა.

საქართველოს მასშტაბით, წარმატებული სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისება, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა, ნიჭიერი სტუდენტებისთვის  სტიპენდიის დანიშვნა – „არემჯის“ საგანმანათლებლო პროგრამის მთავარი მიზანია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სტიპენდიატები, საზაფხულო სკოლა, „იდეების ლაბორატორია“, ისტორიის კონკურსი „დიდგორელი“, წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა – ეს იმ  პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია 2017 წლიდან მდგრადად ახორციელებს და რომელიც რეგიონის მასშტაბით, არაერთ გამორჩეულ, ნიჭიერ ახალგაზრდას აერთიანებს.

„არემჯის“ სტიპენდიატების პროექტში – სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ახალგაზრდებს  შეხვდებით. პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათთვის საუკეთესო განათლების მიღების და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

დღეს, „არემჯის“ სტიპენდიატების პროექტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობამ უკვე 100 გადააჭარბა. სტიპენდიატების სია მრავალფეროვანია: სპორტსმენები, ხელოვანები, სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები თუ სკოლის მოსწავლეები. ისინი დიდი სიყვარულით,  შრომისმოყვარეობით და  პასუხისმგებლობით აკეთებენ საყვარელ საქმეს. აქვთ შორს მიმავალი გეგმები და გარშემო მყოფებს  აძლევენ საუკეთესო მაგალითს.

გაიცანით 2021 წლის „არემჯის“ ახალგაზრდა სტიპენდიატები:

  • ნიკა კოდიაშვილი – სტუდენტი, ბოლნისიდან
  • ქეთი კიკოლიშვილი – სკოლის მოსწავლე, თელეთიდან (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
  • სანან ქაზუმოვი – მოჭიდავე, დაბა კაზრეთიდან (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
  • მარიამ ჩუბინიძე – სტუდენტი, სოფელ ზოდიდან (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
  • ნოდარ ვარსიმაშვილი – ფეხბურთელი, სოფელ ბალიჭიდან (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)

ეს ახალგაზრდები თავის სათქმელს მალე იტყვიან, მანამდე კი სწავლობენ, ვარჯიშობენ, ცდას არ აკლებენ, რომ  დასახულ მიზნებს მიუახლოვდნენ და ყველაზე სანატრელი ოცნებები აიხდინონ.

ნიკა კოდიაშვილი 

23 წლის ნიკა კოდიაშვილი ბოლნისიდან არის. ამბობს, რომ მისი წარმატებების პირველი ეტაპი „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში“ ჩაბარება იყო, სადაც სწავლა ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის კურსზე სახელმწიფოს, 50%-იანი დაფინანსებით დაიწყო.

სწავლის პერიოდში, საბუთები გაგზავნა და ჩაირიცხა საფრანგეთში, „კლერმონტ ფერანდის უნივერსიტეტში“, ბიზნესის ადმინისტრირების კურსზე.

პარიზში სწავლის გაგრძელება ნიკამ „არემჯის“ სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის დახმარებით შეძლო. როგორც თავად ამბობს, ეს მისი პროფესიული განვითარების, თვითშეფასების ამაღლებისა და მომავალში, კიდევ უფრო ამბიციური გეგმების დასახვისთვის, გარდამტეხი მომენტი იყო. მისთვის სტიპენდიატობა ასევე პასუხისმგებლობაა. ამბობს, რომ სწავლის დაფინანსებით, ნათელი გახდა, მას დიდი ნდობა გამოუცხადეს და დაიჯერეს, რომ  დასახულ მიზნებს მიაღწევდა.

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. ასევე, დიდ დროს უთმობს სწავლას და განვითარებას. სამომავლოდ, სურვილი აქვს, სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განაგრძოს.

მეგობართან ერთად მუშაობს ინოვაციური იდეის განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს მოძრავი სარეკლამო ბილბორდების განთავსებას თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. იმედი აქვს, მისი იდეა წარმატებული და პოპულარული გახდება.

ქეთი კიკოლიშვილი

ქეთი კიკოლაშვილი თელეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. დროის უმეტეს ნაწილს სწავლას უთმობს. მისთვის ყველა საგანი თავისებურად საინტერესოა, თუმცა გამორჩეულად ტექნიკური საგნები იზიდავს. არაერთ კონკურსსა და ოლიმპიადაში აქვს მონაწილეობა მიღებული და გამარჯვებულის სტატუსი მიღებული. ამ ზაფხულს ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებულიც გახდა, სადაც პირველი ადგილი და „არემჯის“ სტიპენდია მოიპოვა.

ამბობს, რომ „დიდგორელის“ ტიტული განსაკუთრებულად საამაყოა, რადგან ეს, მსგავს ფართომასშტაბიან პროექტში, მისი პირველი გამარჯვებაა.

სტიპენდიატობა ძალიან ახარებს, სტიმულს და მოტივაციას აძლევს, რომ შემდეგშიც დიდი მონდომებით განაგრძოს განათლების მიღება.

თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. ძალიან უყვარს წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და ბუნებაში  სეირნობა. ბევრი საყვარელი წიგნი აქვს თუმცა გამორჩეულად „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგია მოსწონს, რომელმაც მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

აქვს ფეისბუქზე გვერდი საქართველოს ისტორიის შესახებ, რომელიც თანატოლებში საკმაოდ დიდი მოწონებით და პოპულარობით სარგებლობს. უახლოეს მომავალში, გეგმავს ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ჩაბარებას, მომავალში კი სურვილი აქვს, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში სფეროს განვითარებას მიუძღვნას.

სანან ქაზუმოვი

სანან ქაზუმოვი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია თავისუფალ ჭიდაობაში. 8 წლიდან ჭიდაობს და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორია. წარმატებული სპორტული კარიერის პარალელურად, დაინტერესდა გეოლოგიით და წელს, იურიდიული ფაკულტეტიდან  საბუთების გადატანას, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე გეგმავს. ამბობს, რომ ბოლო დროს, მის გარშემო ბევრი თანატოლი დაინტერესდა გეოლოგის და სამთოელის პროფესიით.

სანანი „არემჯის“ სტიპენდიატი 2017 წელს გახდა. თვლის, რომ ეს მას ჩამოთვლილი გამარჯვებების მიღწევაში დაეხმარა. არის ექვს გზის პრიზიორი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი. პრიზებიდან მისთვის ყველაზე გამორჩეული 23 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში მოპოვებული მედალია, რადგან მან 4 წლის უფროსებში მოიპოვა გამარჯვება.

სტიპენდიატობა მისთვის სტიმულია, რადგან ეხმარება განვითარდეს და მიაღწიოს მეტს. სანანის, როგორც ყველა სპორტსმენის უმთავრესი ოცნებაა გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი, ჭიდაობაში.

მარიამ ჩუბინიძე 

მარიამ ჩუბინიძე „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. აბიტურიენტობისას, მასწავლებლების რჩევა გაითვალისწინა და დღეს არჩეული პროფესიით მუშაობს და „არემჯის“ სტიპენდიატიც არის.

სტიპენდიატობამ  მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა  – პირველ რიგში, საცხოვრებელი ადგილი, როცა თბილისიდან ნაწილობრივ კაზრეთში გადავიდა, სადაც დღეს „არემჯის“ სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში გადის სტაჟირებას. სტიპენდიის დახმარებით, ასევე, მიეცა შანსი, გამხდარიყო მაგისტრანტი და გაეღრმავებინა ცოდნა სამთო-გეოლოგიის მიმართულებით.

გრაფიკი დატვირთული აქვს. თუმცა მაინც ახერხებს თავისუფალი დრო  წიგნების კითხვას და წერას დაუთმოს. ძალიან უყვარს ცხოველებიც: ჰყავს – 4 ძაღლი, 3 კატა, ზაზუნები და თუთიყუში.

სამომავლოდ გადაწყვეტილი არ აქვს გეოლოგიის რომელი პროფესიის მიმართულებით განვითარდება, თუმცა ერთი რამ ზუსტად იცის  – უნდა, რომ მისმა საყვარელმა ადამიანებმა მისით იამაყონ.

ნოდარ ვარსიმაშვილი

ნოდარ ვარსიმაშვილი X კლასის  მოსწავლე და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია.

მიუხედავად ასაკისა, არაერთი მიღწევა აქვს. მოგებული აქვს თბილისის ჩემპიონატი, U11-ში, „ზაზა ბენდელიანის თასი“, U12-ის მომავლის თასი, U13-ის „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის თასი“. ასევე, საქართველოს 14 წლამდე ნაკრებთან ერთად, მოგებული აქვს „რეგიონთა თასი“.  ამჟამად მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში 15-წლამდე ასაკში. ტურნირები ჩატარებული აქვს ლიეტუვაში (2 ადგილი ), ბუდაპეშტში (1 ადგილი), იზმირში (3 ადგილი) .

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია და მუდმივად ვარჯიშობს, თავისუფალ დროს ცდილობს, საკუთარი თავის განვითარებას დაუთმოს და საინტერესო წიგნები იკითხოს. ძალიან უყვარს თავისი სოფელი – ბალიჭი, სადაც ხშირად ჩადის და მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს.

ნოდარის სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, ფეხბურთს უკავშირდება. საკუთარ თავს პროფესიულ ფეხბურთში ხედავს და მისი მთავარი საფეხბურთო ოცნება რეალ მადრიდის გუნდში თამაშია.