მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 21-ე   დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი  კომპანია „არემჯი“ გახდა.

გრან პრისთან ერთად, ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე “არემჯიმ“ დამატებით სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ნომინაციებია:  სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის, გარდამავალი ჯილდო – ბოლნური მეღვინეობის მხარდაჭერისთვის და ღონისძიებაზე ფარული კენჭის ყრის შედეგად გამოვლენილი მედიის რჩეული კომპანიის  ჯილდო.

სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის ჯილდო კომპანიის წარმოების დირექტორს კობა მენაბდიშვილს გადაეცა. მისი თქმით, 2017 წლიდან „არემჯიში“ დაწყებულია წარმოების სრული გადაიარაღება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება.

„ ვფიქრობ, ჯილდო ტექნიკური მოდერნიზაციისთვის იყო დროული, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ მე-4 წელია აქტიურად ვმუშაობთ. გარემოს დაცვასთან და შრომის უსაფრთხოებასთან ერთად, ჩვენი პრიორიტეტია წარმოების განახლება და მისი გადაიარაღება. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნული ჯილდო, ჩვენ გუნდს გაუჩენს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ დაწყებული საქმე  დროულად და ხარისხიანათ შევასრულოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჯილდოს უკან,  დგანან ჩვენი კომპანიის თანამშრომლები.  ადამიანები, რომლებსაც  მინდა გადავუხადო დიდი მადლობა და გავუზიარო ჩვენი  წარმატება. „ განაცხადა კობა მენაბდიშვილმა.

„ამაღლებული განწყობა გვაქვს, ძალიან გახარებულები ვართ. ძალიან მოულოდნელად დავჯილდოვდით ისეთ ნომინაციებში, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ვფიქრობ, ბიზნესისათვის ასეთი სახის დაჯილდოებები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს როგორც საქართველო, ასევე, მთელი მსოფლიო ვიმყოფებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპზე, ამიტომ მსგავსი სტიმულის მომცემი ღონისძიებები ნამდვილად მისასალმებელია“ – განაცხადა კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილიმა.

„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 21-ე   დაჯილდოებაზე 2020-2021 წლის 16 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების  ყურადღების მიპყრობა.