“არემჯი” ჯგუფი აგრძელებს უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერას. ჯგუფში შემავალი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები სოლიდარობისა და დახმარების სხვადასხვა აქტივობებში.  ამ მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლებმა კაზრეთში, ბოლნისსა და თბილისში პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება დაიწყეს. დღეს, „არემჯის“ სახელით, აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გასაგზავნად გადაეცა ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე უკრაინის დახმარების პუნქტს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლების მიერ უკრაინაში გასაგზავნად მოგროვდა სხვადასხვა სახის გადაუდებელი საჭიროების პროდუქცია. მათ შორის ბავშვთა კვება, ელექტრონული საქონელი და პირადი ჰიგიენის ნივთები.

,,არემჯი ჯგუფში შემავალი კომპანიების და აქ დასაქმებული  თითოეული თანამშრომლის სახელით შევუერთდით სოლიდარობის აქციას. „არემჯის“, „კავკასიის სამთო ჯგუფის“  და „არემჯი აურამაინის“ რეგიონულ და თბილისის ოფისებში მოვაგროვეთ ჰუმანიტარული დახმარება. ვფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერა. ჩვენ, სხვადასხვა ფორმით, პირველივე დღეებში ჩავერთეთ უკრაინის მხარდამჭერ  ტელემარათონში  და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფონდში 160 000 ლარი ჩავრიცხეთ. ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ მალე მშვიდობა იქნება.’’ –  განაცხადა „კავკასიის სამთო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ.