კავკასია მეტალოგენური თვალსაზრისით ერთ-ერთი მდიდარი რეგიონია. საქართველო, კავკასია, შავი ზღვა და კასპიის ზღვის რეგიონი წარმოადგენს ტეთისური და ევრაზიული მადანგამოვლინებების გლობალური სარტყლის ნაწილს. 

სპილენძის, რკინის, ტყვიის, თუთიისა და სხვა ძირითადი ლითონების საბადოების გარდა საქართველოში, კავკასიონზე და მცირე კავკასიონზე ძვირფასი ლითონების გამადნების რამდენიმე ზონა არსებობს. აქ დაფიქსირებულ სხვადასხვა გეოლოგიურ ეპოქაში ფორმირებულია როგორც პირველადი, ისე ქვიშრობული ოქროს გამოვლინებები. 

საქართველოს ყველაზე დიდი ფერადი ლითონების საბადოები, თავისი ცალკეული მადანგამოვლინებებით, მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე – სვანეთსა და რაჭაში, ხოლო მცირე კავკასიონზე – ბოლნისის მადნიან რაიონში.

საქართველოს ტერიტორია არაერთგვაროვანია თავისი აგებულებითა და გეოლოგიური განვითარების ისტორიით. სწორედ ეს განაპირობებს წიაღისეული საბადოების მრავალფეროვნებას. მათ შორის განსაკუთრებული სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ნავთობის, ნახშირის, მანგანუმის, ფერადი და იშვიათი ლითონების, სამთო-ქიმიური ნედლეულის, ინერტული მასალისა და სხვა საბადოებს.  საქართველოს მყარი მინერალური რესურსების ფონდი მოიცავს 960 საბადოს, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საბადოთა რიგს განეკუთვნება ლითონთა საბადოებიდან – ჭიათურის მანგანუმისა და მადნეულის (ბოლნისის მადნიანი რაიონის) პოლიმეტალური საბადოები.