კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტიდან შერჩეული მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება აქვთ გახდნენ „არემჯის“ საზაფხულო სკოლის მონაწილეები. პროექტი ერთთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს კომპანიაში დასაქმების რეალური შანსი ეძლევათ.
2019 წელს, სტუ-სთან ერთად კომპანიამ მუშაობა დაიწყო დუალურ საგანმანათლებლო პროექტზე „ინდივიდუალური განვითარების გეგმა’’, რომელიც პროექტში ჩართული თითოეული მონაწილესთვის, მათი კომპეტენციების განვითარების ინდივიდუალური პროგრამების შედგენას ითვალისწინებს.

„არემჯის“ ყავს 30-მდე სტიპენდიანტი, საზაფხულო სკოლაში 2019-2020 წლებში 120-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. გვსურს მომავალი სამთოელები, გეოლოგები, ქიმიკოსები და სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტები სწავლის დაწყებისთანავე ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში. ვფიქრობ, ეს მათ სწორი პრიორიტეტების განსაზღვრაში და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ჩვენის მხრივ მზად ვართ, ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ჩვენს კომპანიებში კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული და სტაბილური სამუშაო გარემო შევთავაზოთ.“
თორნიკე ლიპარტია, „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტისა და კომპანია „არემჯის“ მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს დარგის პოპულარიზაციას, ზრდის სტუდენტებს შორის მოტივაციას და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებას.

„უნივერსიტეტი მადლობას უცხადებს კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და წარმატებული სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის განახლებული მემორანდუმის საფუძველზე, ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდ გაღრმავდება და უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და თავად სამთო დარგის განვითარებისათვის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. უახლეს მომავალში, ვგეგმავთ სტუდენტებთან ერთად ვეწვიოთ კომპანიას, ადგილზე გავეცნოთ წარმოებას და მათთან ერთად დავგეგმოთ დარგის პოპულარიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ „არემჯის“ ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში.“
დავით გურგენიძე, სტუ-ის რექტორი