გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე, „არემჯის“ მიერ გარემოსდაცვითი პროექტებისა და ღონისძიებების განსაზღვრულ ვადაში შესრულების კონტროლს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. ამასთან, გარემოსდაცვითი პროექტების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი (ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო – კვლევითი პლატფორმები“ და „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“).

„არემჯი“ მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს ქმნის თანამშრომლების, კონტრაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სამთომოპოვებით სფეროში კომპანია გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით და უსაფრთხოდ ოპერირებს. 

კომპანია ყოველწლიურად აგრძელებს გარემოსდაცვით პროგრამებს, ნერგავს ახალ, თანამედროვე გარემოსდაცვით ტექნოლოგიებს და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ სამთომოპოვებით კომპანიათა შორის საუკეთესო შედეგი აქვს.

განსაზღვრული მიზნების მიღწევისას და ღონისძიებების განხორციელებისას „არემჯის“ მმართველი გუნდი ყოველთვის იცავს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრინციპებს  და ამ პროცესში თითოეული თანამშრომლისგან მხარდაჭერას მოითხოვს.

ჰაერი

  • საავტომობილო და შიდა კარიერული გზების სისტემატური მორწყვა;
  • აირმტვერდამჭერი სისტემებით ოპერირება დახურულ სივრცეებში;
  • ღია სივრცეებში წყლის გამშხეფი სისტემებით ოპერირება;
  • ატმოსფერული ჰაერის სისტემატური ლაბორატორიული კვლევა.

წყალი

  • მდინარის წყლების დაბინძურებისაგან დასაცავად საწარმოო წყლების მართვა;
  • ქიმიური გამწმენდი სადგურის საშუალებით სანიაღვრე და ჩამდინარე წყლების წმენდა;
  • სადრენაჟო, სალექარი და საავარიო რეზერვუარების სისტემების ოპერირება;
  • ბიოლოგიური სადგურის საშუალებით სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლის წმენდა;
  • წყლის სისტემატური ლაბორატორიული კვლევა.

ნიადაგი

  • მწვანე საფარის აღდგენის მიზნით სანერგე მეურნეობის მოწყობა;

  • ღია ტიპის კარიერებისა და სანაყაროების ეტაპობრივი რეკულტივაცია საერთაშორისო სტანდარტებით;
  • სახიფათო ნარჩენების მართვა.

ბიომრავალფეროვნება

  • მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად საწარმოს ტერიტორიის მიმდებარედ ხის სახეობებზე დაკვირვების და მობინადრე ინდივიდებზე დაკვირვება/კვლევის ჩატარება;
  • მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების ან/და საკომპენსაციო ღონისძიებების შემუშავება-განხორციელება;
  • ყოველწლიურად ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ანგარიშის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენა.

ნარჩენების მართვა

  • ნარჩენების მართვა მიმდინარეობს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმის შესაბამისად;
  • ნარჩენების შეგროვება ხდება სეპარირებულად, შესაბამისად გამოყოფილ ბუნკერებში;
  • კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილია ნარჩენების დროებითი განთავსების მოედნები;
  • ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა/გადამუშავებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ნებართვის მქონე კონტრაქტორი კომპანიები;
  • კომპანიაში განსაზღვრულია ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალი და პერსონალი უზრუნველყოფილია სპეციალური ტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
  • ნარჩენები შესაძლებლობისამებრ გამოყენებულია ხელმეორედ.

2018 წლიდან, გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, „არემჯიმ“ არაერთი პროექტი განახორციელა. საქართველოში ფარგის დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია.

„არემჯის“ და ჟურნალ „ველური ბუნების“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოს მდინარეებსა და ტბებში იქთიოფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი – ფარგა (Lucioperca – ქორჭილასებრთა ოჯახი) დაბრუნდა. ამ პროექტზე 2019 წლის დასაწყისიდან არაერთი მეცნიერი, საერთაშორისო ფონდი თუ უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა, აზერბაიჯანიდან საქართველოში ცოცხალი თევზის ლეგალურად გადმოყვანის პირველი პრეცედენტი შექმნილიყო.

თავდაპირველად რამდენიმე ათასი ფარგის ლიფსიტა გადაეცა საქართველოს „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს“, რათა ქართველ და აზერბაიჯანელ იქთიოლოგებს მოეხდინათ დაკვირვება და გამოცდილების გაზიარება.
პროექტის მე-2 ეტაპზე, ფარგის რეინტროდუქციის გრძელვადიანი წარმატებისათვის, საქართველოში დამატებით შემოიყვანეს ე.წ. „სადედე ჯგუფი“, რაც საქართველოს მდინარეებში ყოველწლიურად მილიონობით ლიფსიტის გაშვების საშუალებას იძლევა. იმპორტირებული „სადედე ჯგუფი“ რამდენიმე ტბაში განთავსდა. უკვე 2020 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებში და, მათ შორის, ქვემო ქართლში საცდელად ასიათასობით ფარგის ლიფსიტა გაუშვეს.